ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – პოლიტიკოსებისა და NGO-ების შეფასებები

რუსული კანონის გაპროტესტებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი და თორნიკე აკოფაშვილი თავისუფალი ინსტიტუტის მხარდაჭერით, ითხოვენ, რომ მათი საქმეები არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა, არამედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ლაზარეს მამა: მოვითხოვთ თორნიკესა და ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ვითხოვთ იმას, რასაც აქამდე ვითხოვდით - განსაჯონ თორნიკე და ლაზარე ნაფიცმა მსაჯულებმა. მინდა მოვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ეს საქმე რაც შეიძლება მალე განიხილონ. რაც შეიძლება მალე განიხილონ ეს კანონპროქტი - სამომავლოდ კი ყველას არგებს ეს კანონი, მაგრამ დროში ჩატევაა საჭირო. კიდევ მთავარი, რაც მინდა ვთხოვო ყველა ორგანიზაციას - არასამთავრობოს, ახალგაზრდებს, პარტიებს, პირველში მობრძანდით სასამართლოსთან, რათა სასამართლომ ის გადაწყვეტილება არ მიიღოს, რაც ზემოდანაა ნაკარნახები და იქნებ, მოსამართლე ცოტა დავაფიქროთ თავის გადაწყვეტილებებში. ამისთვის მჭირდებით ბევრი ხალხი. ძალიან გთხოვთ მოდით და დაუდეგით ლაზარეს და თორნიკეს - ახალგაზრდა, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ბიჭებს გვერდში. 

იმისათვის, რომ ლაზარესა და თორნიკეს საქმე საქართველოს მოქალაქეებმა განიხილონ, ჯერ უნდა შეიცვალოს კანონი და გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც მათზე დავა მიმდინარეობს. მეტიც, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ არა მხოლოდ ორ მუხლზე, არამედ სისხლის სამართლის ყველა დანაშაულზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა სამართლიანობის რწმენის გაჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბოკერია: თუ თვლით, მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი, განსაჯონ საქმეები მოქალაქეებმა

ამ კამპანიის გათვლა არ არის ის, რომ აუცილებლად ავტომატური შედეგი დადგება - ლაზარეს გირაოთი გაათავისუფლებენ, ან საერთოდ შეწყვეტენ ამ სამარცხვინო პროცესს. მე ვთვლი, რომ პრინციპული საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ პოზიციის მუდმივად გამეორება, სანამ ეს პრობლემა არსებობს. არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება ეს, არამედ, ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. პირველი - იმის გამო, რა ტიპის ამაზრზენი კამპანიაც აწარმოა რეჟიმმა ამ ადამიანების, კერძოდ ლაზარეს წინააღმდეგ. საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და მარტის პროტესტების მიმართ შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი, რომელიც არ აღშფოთდებოდა იმით, რომ ახალგაზრდა ადამიანის დემონიზება, მისი პერსონალური თვისებების გამო, პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე ხდება. რეალურად, ეს აჩვენებს ამ რეჟიმის ბუნებას. შესაბამისად, ვინც თვლის, რომ არცერთი მთავრობა არცერთ მოქალაქეს არ შეიძლება, რომ მსგავსად ექცეოდეს, მათთვის ეს პრინციპული საკითხია.

მეორე, იმ კამპანიისთვის, რაც წამოწყებულ იქნა, რომლის სათავეშიც არიან სამოქალაქო ჯგუფები, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვები, ეს არის ძალიან გასაგები მოთხოვნა, რომ მიუხედავად პოლიტიკური აზრისა, ეს საქმეები უნდა განსაჯონ ნაფიცმა მსჯაულებმა - არა სანქცირებულმა სამარცხვინო სასამართლომ, არამედ ნაფიცმა მსაჯულებმა. ჩვენს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი უკვე დანერგილია. რეალურად, ამ რეჟიმმა გააჩერა ინსტიტუტის გაფართოება, საქმეების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება ზუსტად იმიტომ, რომ ნაფიცი მსაჯულები არის საკვანძო ამბავი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ხელისუფლებას ამის დაშვება არ სურს. თუმცა, მე მივმართავ ყველას, ვინც ამბობს, რომ არ ამართლებს ამგვარ ქმედებას, რომ ლაზარე და თორნიკე უნდა დაისაჯონ, თუ თქვენ თვლით, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი, თუ თვლით, რომ არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები არცერთ საქმესთან დაკავშირებით, განსაჯონ ისინი ნაფიცმა მსაჯულებმა. ამისთვის უმარტივესი რამაა საჭირო -  იმ მუხლებზე, რომლითაც თორნიკესა და ლაზარეს ბრალი წაუყენეს, საკანონმდებლო ცვლილების შეტანა და ნაფიცთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება. 

რეალურად, ეს ისედაც გასაკეთებელია. ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ერთ-ერთი საკვანძო ამბავი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ყველა იმ საქმეზე გავრცელება უნდა იყოს, სადაც ადამიანს პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ილიას სიტყვებს: "ნაფიც მსაჯულები იმიტომაა სანატრელი და მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ამ შემთხვევაში მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა". ეს არის ამ კამპანიის არსი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ ადამიანები, რომლებსაც სერიოზული ბრალი აქვთ წაყენებული შეჯიბრებით პროცესში და არა ნებისმიერი კლანის, ან ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მოსამართლემ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და სანამ არ შესრულდება, სანამ ლაზარე ციხეშია, მანამდე ეს თემა დღის წესრიგიდან არ უნდა გაქრეს და ამ რეჟიმისთვის პრობლემად უნდა იქცეს.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

 

ხვიჩია: მარტის აქციების დროს ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეთ

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ადრეც გვაქვს გაჟღერებული, ორი კანონპროექტი გვაქვს პარლამენტში შეტანილი, მათ შორის ერთი თითქმის ისეთი, როგორიც ახლა დღევანდელ კონფერენციაზეა წარმოდგენილი. 

მარტის აქციების დროს ბრალდებულად ცნობილ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, რომ მოითხონ მათი საქმე განიხილონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ამ იდეას მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიეთ არჩევნების წინ შეთანხმებას ამ თემასთან დაკავშირებით და ვართ ერთ-ერთი ის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოება და, ასევე, არბიტრაჟის გაფართოება ერთ-ერთი გზაა იმ სასამართლო სისტემისგან გამოსვლისთვის, რომელიც დღეს გვაქვს.

ამბობს პარტია გირჩის წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე. 

 

თოლორაია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: ზრდის მართლშეგნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას

გამოწვევები ნამდვილად აქვს ამ ინსტიტუტს საქართველოში: როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კუთხით, ისე საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინსტიტუტი რომ მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა: მნიშვნელოვანია, საზოგადოების ჩართულობის ნაწილში და საზოგადოებასაც აფხიზლებს ასეთი პროცესები და ისინი ხვდებიან, რომ მართლსაჯულება მათგან განყენებული კი არ არის, არამედ მათი მონაწილებით ხდება. რაც თავის მხრივ, საზოგადოების მართლშეგნების დონესა და პასუხისმებლობის გრძნობას ძალიან ზრდის. მეორე იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საზოგადოებას ნდობა არ აქვს სასამართლოს მიმართ, ამ ფონზე საუბარი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებაზე, ნამდვილად აქტუალურია. რა თქმა უნდა, გაფართოებაზე მსჯელობისას მთელი რიგი საკითხები იქნება გასათვალისწინებელი, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თუმცა, გაფართოება იმ მუხლებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ტოვებს სასამართლოს მხრიდან მიკერძოებულების განცდას - აი, ამ მუხლებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა. იქ, სადაც სახელმწიფოს ინტერესი, შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესი იყოს მაღალი, ჩვენი სასამართლოს პირობებში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გამოსავალი იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ამბობს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

 

 კახიძე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე: ადამიანის დამნაშავეობა მისსავე თანასწორმა უნდა დაადგინოს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის ყველაზე ქართული ინსტიტუტი. ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელი მამა, ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი იმიტომ არის სანატრელი, რომ მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა. ჩვენ ჩინოვნიკი, ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები გვყავს ტრადიციულად, უკვე საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავს. დამოუკიდებელი საქართველოს სამწლიან პერიოდში ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გვქონდა და პირველი, რაც გააკეთა ბოლშევიკურმა რუსეთმა, იყო სასამართლოს გაუქმება და ტროიკების შემოღება, რომლებითაც ხვრეტდა და ასახლებდა ერის ინტელექტუალურ ელიტას. ამას გარდა, ჩვენი ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისევე, როგორც სვანეთში- 12 ფიცის კაცი ადგენდა სამართალს. მათ შორის მკვლელობის, დაჭრის და სხვა საქმეებზე, რაც იყო ჩვენი ჩვეულებითი სამართალი და ფიცის კაცები ადგენდნენ მტყუან-მართალს. 

ამიტომ, ეს არ არის რაღაც გარედან იმპორტირებული ინსტიტუტი, ეს არის ჩვენთვის ორგანულად ნაცნობი ინსტიტუტი, როდესაც მოქალაქეები არიან ჩართული მართლმსაჯულების განხორციელებაში. თვითონ არსებული სახით როგორც არის აშშ, დიდ ბრიტანეთში დანერგილი ეს სასამართლო, სათავეს თავისუფლების დიდი ქარტიიდან იღებს, როდესაც მეფეს შეუზღუდეს მართლმსაჯულების განხორციელების უფლება და დადგინდა, რომ ადამიანის დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა, მისსავე თანასწორმა უნდა დაადგინოს. 

მოსამართლე მაინც აღიქმება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და, თუ მოსამართლე ადგენს სამართალს და მოქალაქე არ არის ჩართული, ხდება დისტანცირება მოქალაქესა და მართლმსაჯულებას შორის. ამავე დროს უჩნდება ცდუნება მთავრობას, რომ დაიმორჩილოს მოსამართლე და სასურველი გადაწყვეტილებები მიაღებინოს და აქედან ჩნდება უკვე მთელი მანკიერება, როცა მოქალაქეს დაცულობის განცდა აღარ აქვს. მთავრობა ვისაც მოისურვებს იმას გააწესებს ციხეში. 

იმისთვის, რომ მთავრობას ეს ძალიან საშიში ბერკეტი ჩამოვართვათ, აუცილებელია ეს ბერკეტი მოქალაქეებს გადაეცეთ. 

დეკლარირებულად და გამოცხადებულად გვყავს ხელისუფლების მორჩილი სასამართლო კლანი, რომელიც ასრულებს დაკვეთას და არაფერი ამ კლანს არ აქვს საერთო ქართულ საზოგადოებასთან".

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

 

ყურუა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: გავრცელდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე

"ორ საქმეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს იმიტომ, რომ დემოკრატია არ გვაქვს ამ ქვეყანაში და სასამართლოს აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომელიც გვჭირდება, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, სადაც არის დიდი ეჭვი. დანარჩენს რაც შეეხება, უმეტესად ვეთანხმები, თუმცა, შეიძლება, არ ვეთანხმებოდე იმას, რომ ნების სისხლის სამ დანაშაულზე ვრცელდებოდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა. ამ შემთხვევაში, მგონია, რომ პრაქტიკის მიხედვით შეიძლება გადატვირთვა გამოიწვიოს.

მე ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე ვიფიქრებდი, რომ არ გამევრცელებინა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა, მიუხუედავად იმისა, რომ აქ, შეიძლება, 6 მსაჯულითაც მოხდეს საქმეების განხილვა, და დამემატებინა მესამე კომპონენტი, რაც გულისხმობს არჩევით მოსამართლეებს, და არსებით განხილვამდე კონკრეტულ ბრალდებულს ექნებოდა საშუალება აერჩია არსებული მოსამართლე, რომელიც ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე 6 ნაფიცი მსაჯულის მოძებნა, რაც დროს წაიღებს. ჩვენ გვახსოვს დასავლეთ საქართველოში როდესაც არჩევდენ ერთ-ერთ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს, იმდენი ხანი არჩევდნენ, რომ ბრალდებული გარდაიცვალა. 

ვადაში რომ არ გაიწელოს და გადატვირთვა რომ არ მოხდეს, კარგი იქნება მესამე კომპონენტის, არჩევითი მოსამართლეების დამატება და ბევრი ფულის დახარჯვა რომ არ მოგვიწიოს, იმიტომ, რომ ზოგიერთ სასამართლოში ფიზიკურად შეუძლებელია სასამართლო დარბაზების გაკეთება და ახალი შენობების აშენება მოგვიწვევს. ძალიან დიდი ხარჯი რომ არ გავწიოთ, კარგი იქნება, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე გავავრცელოთ. ნაკლებად მძიმე დანაშაულები შეგვიძლია დააბალანსონ არჩევითმა მოსამართლეებმა." 

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, ბორის ჩელე ყურუა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

 

ფარულავა: კითხოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს, მართლა წინააღმდეგნი არიან ლაზარესი?

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მსგავსი [ნაფიც მსაჯულთა] ინსტიტუტის კიდევ უფრო განვითარება და განსჯადობის გავრცელება მეტ მუხლზე, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვერ ენდობი სასამართლოს, სისტემას და იმ ადამიანებს, რომლებიც წესით უნდა გვემსახურებოდნენ ჩვენ.

ლაზარეს და თორნიკეს საქმეებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა გამოიტანოს მათი საქმეების შესახებ გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხელისუფლებამ აირჩია გზა ამ ადამიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ლაზარეს წინააღმდეგ და დაიწყო მისი დისკრედიტაცია მისი ვიზუალის გამო, რომ თითქოს ის არის ქართული ტრადიციების, საქართველოს 90%-ის წინააღმდეგ, ამიტომ მიიღოს ხელისუფლებამ ამაზე გადაწყვეტილება და კითხოს საქართველოს მოქალაქეებს, მართლა წინააღმდეგები არიან ლაზარესი, ლაზარეს ქმედების და მისი ვიზუალის? ხომ ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების სახელით და საქართველოს სახელით გამოაქვთ ეს გადაწყვეტილება, მიაღებინონ საქართველოს მოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება ლაზარეს შესახებ". 

ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

 

მჟავანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: პრობლემური საქმეები მეტად სამართლიანად განისჯება

"ქართული სასამართლოს პრობლემა ძალიან კომპლექსურია, ცხადია და ამის მოგვარებას ბევრი დრო და მუშაობა დასჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს განვიათარების ამ მოცემულ ეტაპზე და პერიოდში ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერება, ერთი მხრივ, ნდობას გაზრდის სასამართლოს მიმართ, ადამიანების ჩართულობა ძალიან აქტიური იქნება, თავად ნახავენ რა არის მართლსაჯულების პროცესი.

მეორე მხრივ ისაა, რომ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ლაზარეს საქმე, მედია საქმეები, პოლიტიკური საქმეები, ვფიქრობ, გაცილებით მეტად სამართლიანად განისჯება ამ პირობებში, ვიდრე ეს ხდება მოქმედი სასამართლოს პირობებში. ამიტომ ამ ეტაპზე მართლა მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ შეძლებისდაგვარად მართლა გაფართოვდეს და გაიზარდოს მისი მოქმედების არეალი. ამას აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება".

ამბობს ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის წევრი, დათო მჟავანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე

 

კირთაძე: საზოგადოება ლაზარეს და თორნიკეს შემთხვევას მურუსიძის სასამართლოს არ მიანდობს

მართლმსაჯულების სისტემა, ზოგადად, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, პოლიტიკურ დისკურსში უნდა წამოიწიოს. თუ გავითვალისწინებთ ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, რომელსაც ფაქტობრივად, ნულოვანი სანდოობა აქვს, ეს იქნება ის მექანიზმი, რომელიც ცვლილების მიღწევის შემდეგ დაგვეხმარება, რომ დავაბრუნოთ საზოგადოება მართლმსაჯულების აღსრულებაში და ჩამოვაყალიბოთ ნდობა, რამეთუ, როდესაც საზოგადოება თვითონ განსჯის, საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ გაცილებით უფრო მეტი მიმღებლობა ექნება. 

რაც შეეხება აქტუალურ შემთხვევებს, რომლებიც გვაქვს, ლაზარეს და თორნიკეს სახით, მე ვფიქრობ, ეს არამარტო ბრალდებულებისთვის ან ოპოზიციური სპექტრისთვის ან საზოგადოებისთვის, არამედ ქართული ოცნებისთვისაც, წესით, უნდა იყოს გამოსავალი ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაფართოების, რადგანაც ესე მარტივად საზოგადოება ამ ორ შემთხვევას, ქართულ მართლმსაჯულებს სისტემას, მურუსიძის სასამართლოს არ მიანდობს. თუმცა, არ მაქვს იმის იმედი, რომ განსაკუთრებულ პრაგმატიზმს გამოიჩენენ და შესაბამის ინიციატივას დაეთანხმებიან. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები