ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას აქტიურად განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Politico-სთან აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.
როგორც გამოცემა წერს, ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული კონვენციური საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ დისკუსია ბოლო დღეებში გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც უცხოელი მაღალჩინოსნები დარწმუნდნენ, რომ უკრაინის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის ფრონტის ხაზი, არც ისე ეფექტიანად სრულდება. აშშ-ის მაღალჩინოსნების შეფასებით, საბრძოლო მასალა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც უკრაინის კონტრშეტევას წარმატებულს გახდის.
მაღალჩისნების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და უცნობია ისიც, თუ რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.
მანამდე, 27 ივნისს აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა და უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების დამტკიცებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები უფრო ეფექტიანად გაარღვიონ.
ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ კასეტური საბრძოლო მასალები შეერთებულ შტატებში ცივი ომის დროს "რუსეთის რიცხობრივ და მატერიალურ უპირატესობასთან დასაპირისპირებლად" შეიქმნა.
"ახლა კი მათი გამოყენება შესაძლებელია უკრაინის დასაცავად - და უკრაინის მიერ ევროპის და, საბოლოოდ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად." - წერია განცხადებაში.
კასეტური საბრძოლო მასალები, როგორც წესი, უშვებს დიდი რაოდენობით მცირე ელემენტებს, რამაც, შესაძლოა, დაჭრას და მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს ჭურვები ასევე ხასიათდება არ-აფეთქებადობის მაღალი პროცენტით, რითაც ის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საშიში რჩება.





