ვერ დავუშვებთ უკრაინისთვის Iron Dome-ის ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას – ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ისრაელი მიმდინარე ომთან დაკავშირებით შუალედური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მხარს უჭერს უკრაინას. 

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან მაღალჩინოსნების მოწოდებებისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების თხოვნის მიუხედავად, ის არ აპირებს უკრაინის შეიარაღებაში მონაწილეობის მიღებას. 

"ჩვენთვის გარკვეული საზღვარი არსებობს. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გვაწუხებს. ჩვენი ინტერესები გვაქვს. ჩემი პირველადი პრიორიტეტი, იმის მიუხედავად, რომ გული შემტკივა [უკრაინაზე], არის ის, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ებრაული სახელმწიფოს დაცულობა უზრუნველვყო... ჩვენი პილოტები სირიის საჰაერო სივრცეში ზუსტად რუსი პილოტების გვერდით დაფრინავენ, რათა ხელი შეუშალონ ირანის მიერ სირიაში მეორე ჰეზბოლას ჩამოყალიბების მცდელობას... ჩვენ ის საკითხები გვაწუხებს, რომლებიც ჩემი აზრით, უკრაინის არც ერთ დასავლელ მოკავშირეს არ უდგას დღის წესრიგში". - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელს ჰქონდეს მოქმედებების სრული თავისუფლება სირიაში. 

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მისი შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში რუსეთისა და ირანის ახლო ურთიერთობის ფონზე, ისრაელის იარაღი უკრაინის საბრძოლო ველიდან შესაძლოა ირანის ხელში აღმოჩნდეს. ამ მიზეზის გამო პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ის ვერ დაუშვებს უკრაინისთვის რკინის გუმბათის (Iron Dome) ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალებისგან ისრაელის თავდაცვის მთავარი იარაღია. 

"თუ ირანს ეს სისტემა ხელში ჩაუვარდება, მილიონობით ისრაელის მოქალაქე დაუცველი დარჩება". - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. 

უკრაინის ელჩი ისრაელში ნეთანიაჰუს თეორიას სპეკულაციას უწოდებს. 


ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Jerusalem Post-თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ისრაელი უკრაინას იარაღს არ აწვდის. 

"მე ვფიქრობ, რომ ისრაელი თავისებურ სიტუაციაშია, განსხვავებულად, ვთქვათ, პოლონეთის, გერმანიის ან საფრანგეთის ან დასავლეთის რომელიმე ქვეყნისგან, რომელიც უკრაინას ეხმარება. პირველ რიგში, რუსეთთან ახლო სამხედრო საზღვარი გვაქვს. ჩვენი მფრინავები დაფრინავენ რუსი პილოტების გვერდით სირიის ცაზე და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება ირანის მცდელობების წინააღმდეგ, გაიმყაროს სამხედრო ძალა ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ამასთან ერთად, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ისრელის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელი აშკარად წუხს უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასა და ადამიანთა დანაკარგზე და ომის დასრულება მათაც სურთ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისრაელის მოქმედების დაბალანსებული გზა სწორია, რადგან საერთაშორისო საქმეებში წინდახედულობა მნიშვნელოვანია. 

კომენტარები