რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, ის დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული

ვიქტორ ორბანი ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფრანგეთში, სტრასბურგში, 2018 წლის 11 სექტემბერი.
EPA-EFE/PATRICK SEEGER

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან ის დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებული გახდა, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში მხარს ვუჭერთ. შესაბამისად თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, იქნება მშვიდობა. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის არასწორად გაგებაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი". - თქვა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

გარდა ამისა, ორბანმა უკრაინის NATO-ში შესვლის შესახებ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი. კითხვაზე მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავედ, უნგრეთის პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: "არა, მე არ მივიჩნევ". 

პარალელურად, ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის.

"მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგის მომტანი პოზიციები და ქმედებები. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, უნგრელებისთვის ცუდია. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის". - თქვა ორბანმა.

კომენტარები