ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება:
- ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე;
- მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიზე;
- ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში პირველი სექტემბრიდან შეძლებენ.
პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება 1 საათის განმავლობაში 1 ლარია. ასევე, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით უფასოდ ისარგებლოს.
კახა კალაძის თქმით, მერიას სურს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს.





