რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბლინკენი: აშშ უკრაინის აღდგენისთვის დამატებით $1.3 მილიარდზე მეტს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

აშშ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით $1.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის, პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას მოხმარდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა.

"რეკონსტრუქცია უკრაინისთვის საძირკვლის ჩაყრას გულისხმობს, რათა შემდეგ განვითარდეს როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყანა, სრულად ინტეგრირდეს ევროპასა და მსოფლიო ბაზრებთან. აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით, ჩვენ გამოვყოფთ დამატებით $1.3 მილიარდზე მეტს, რათა უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ". - თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენის თქმით, გამოყოფილი თანხიდან $520 მილიონი მოხმარდება უკრაინას დაზიანებული ენერგეტიკული ქსელის რემონტს, ხოლო $657 მილიონი დაიხარჯება სასაზღვრო, პორტების, სარკინიგზო ხაზებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას.

გარდა ამისა, დაახლოებით $100 მილიონი მოხმარდება უკრაინის საბაჟოსა და სხვა სისტემების გაციფრულებას, რომელიც ლოდინის დროს შეამცირებს, ისევე, როგორც კორუფციის შემთხვევებს. ხოლო $35 მილიონი უკრაინული ბიზნესების დაფინანსებისა და დაზღვევისთვის გამოიყოფა.

21 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (Ukraine Recovery Conference) დაიწყო, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუძღვება და რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა

კონფერენციას ესწრებიან უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები. კონფერენციაზე ვირტუალურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც უცხოელ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა. 

კონფერენცია დღეს, 21 ივნისს დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება.

კომენტარები