ირანი-ვენესუელა

ირანის პრეზიენტმა ლათინო-ამერიკული ტურნე ვენესუელაში ვიზიტით დაიწყო

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი და ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო
AP Photo/Ariana Cubillos

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი თავისი ლათინო-ამერიკული ტურნეს ფარგლებში ვენესუელაში ჩავიდა, სადაც საკუთარ კოლეგას, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოპლას მადუროს შეხვდა.

შეხვედრის დროს რაისიმ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა "ჩვეულებრივი" არ არის და უფრო მეტად სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. მანვე დასძინა, რომ ვენესუელასა და ირანს "საერთო ინტერესები და საერთო მტრები" ჰყავთ. "მტრებში" ირანის პრეზიდენტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა.

"მათ არ უნდათ რომ ორი ქვეყანა, ირანი და ვენესუელა, იყვნენ დამოუკიდებლები". - დასძინა ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს მთავრობაზე ლაპარაკისას.

ვიზიტის ფარგლებში, ვენესუელისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ათზე მეტ შეთანხმებას, მათ შორის განათლებისა და ვაჭრობის სფეროებში.

ვენესუელასა და ირანს მჭიდრო კავშირები ჯერ კიდევ უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროიდან აქვთ. 2013 წელს ჩავესის სიკვდილის შემდეგ გაპრეზიდენტებულმა მადურომ ეს კავშირები შეინარჩუნა და აშშ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეფექტის შესამცირებლად ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან და თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობები გააღრმავა.

ვენესუელაში რაისის ვიზიტი მადუროს ირანში სტუმრობიდან ზუსტად ერთი წლისა და ერთი დღის შემდეგ შედგა. ორივე ქვეყანა აშშ-ს მხრიდან მძიმე ეკონომიკური სანქციების ქვეშაა. ირანის პრეზიდენტი ტურნეს ფარგლებში კუბასა და ნიკარაგუასაც ეწვევა.

კომენტარები