რუსეთი-ბელარუსი

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთის მიმართ მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო.

კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდება ბელარუსს ბირთვული იარაღი და რა პირობებია მისი შენახვისა და გამოყენებისთვის, ლუკაშენკომ უპასუხა: "რაში გვჭირდება ეს? იმისათვის, რომ ბელარუსის მიწაზე ფეხი ვეღარ დადგას ნებისმიერმა ნაბიჭვარმა."

მისივე თქმით, ბირთვული იარაღის განთავსება მისი მოთხოვნა იყო, ვინაიდან ეს ბელარუსის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"არა მგონია ვინმეს სურდეს ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ბრძოლა. ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუმცა, რა თქმა უნდა, მსურს თავი ავარიდო სიტუაციებს, რომელშიც მისი გამოყენება იქნება საჭირო. ღმერთმა დამიფაროს, რომ მომიწიოს ამ იარაღის გამოყენება თანამედროვე დროში, მაგრამ არ ვიყოყმანებთ, თუკი ოდესმე ჩვენს წინააღმდეგ აგრესია იქნება” - თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტების მომზადება სწორედ ამ პერიოდში დასრულდება.

ამავრდოულად, ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში გადააქვთ.


25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

კომენტარები