ბლინკენი: NATO-ს სამიტზე მოსალოდნელია, კიევს პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
Alex Brandon/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანტონიო ტაიანის ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ესაუბრა.

ბლინკენმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, მოსალოდნელია, რომ უკრაინას შესთავაზონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი.

მისივე თქმით, სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული სიძლიერეა ის, რაც უკრაინას დღეს წარმატებისთვის სჭირდება. 

"ვფიქრობ, შეიძლება, ელოდოთ NATO-ს სამიტზე უკრაინის მომავალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის ხილვას.

ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ის უბრალოდ ვერ შეძლებს ჩვენზე დიდხანს გაძლოს, რადგან ჩვენ ყველანი აქ ვრჩებით, მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი". - თქვა ენტონი ბლინკენმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის სამომავლო პერსპექტივას ეხებოდა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინას რომ არ დახმარებოდა, გაცილებით დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა საქართველო, მოლდოვა და ბევრი სხვა ქვეყანა.

იტალია: კიევს რომ არ დავხმარებოდით, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა რისკის ქვეშ იქნებოდა

"რაც შეეხება კონტრშეტევას, იმედი მაქვს გადავდგამთ ნაბიჯებს მშვიდობისკენ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იმიტომ, რომ მშვიდობა გვსურს. უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, მას დაიპყრობდნენ და გვექნებოდა გაცილებით დიდი საფრთხე ევროპაში – საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანა იქნებოდა დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ უკრაინას თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ვეხმარებით". - თქვა ანტონიო ტაიანიმ.

კომენტარები