კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა

საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე. 

ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია.  

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე - კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით,  უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე. 

მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული.

თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა. 

სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში. 

არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა! 

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კანონპროწქტზე, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

კომენტარები