რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეჩნურმა ქვედანაყოფმა, "ახმატმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

ჩეჩნეთის ქვედანაყოფი, ახმატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს აფორმებს 
Ria Novosti

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან, ახმატთან პირველი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსული მედიის ცნობით, კონტრაქტი განსაზღვრავს ახმატის მოხალისეთა ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას "სპეცოპერაციის ზონაში", ასევე კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვედანაყოფის მოხალისეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის ზომების განსაზღვრა. 

კონტრაქტს ხელი მოაწერეს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსეი კიმმა და რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის დირექტორმა, ადამ დაშაევმა.

ალექსეი კიმის თქმით, ამჟამად შეიარაღებული ძალების დანაყოფებთან ერთად "სპეცოპერაციის ზონაში" მონაწილეობს ქვედანაყოფების "საკმაოდ დიდი" რაოდენობა, მოხალისეთა რაზმები და ასევე სხვა სამხედრო ფორმირებები.

გარდა ამისა, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოხალისეთა სხვა რაზმებიც გააფორმებენ კონტრაქტებს.  

ახმატის მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერა ხელს შეუწყობს მოხალისეებისთვის იმ სოციალურ დახმარების პაკეტით ლეგალურად სარგებლობის უფლებას, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები იყენებენ. 

ამასთან, ალაუდინოვმა დასძინა, რომ ახმატის სპეცდანიშნულების რაზმი თავდაპირველად ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის მეთაურობით შეიქმნა. მისივე ინფორმაციით, წელიწადი და სამი თვის განმავლობაში ქვედანაყოფმა ფრონტის ხაზზე ათი ათასობით მოხალისე გაგზავნა.

აქამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი დანაყოფები დააკომპლექტონ როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე "მოხალისეებით". პანკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მოხალისეებს" შეეძლებათ ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება როგორც მოხალისეობრივ დანაყოფებთან ან თავდაცვის სამინისტროსთან.

ამასთან, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ხელმოწერილ ბრძანებას.

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერი სერგეი შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს და ეს ბრძანება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იმყოფება. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სერგეი შოიგუ საკუთარი მცირე სამხედრო გამოცდილების გამო.

"ის ბრძანებები, რომლებსაც შოიგუ აფორმებს, ისინი ვრცელდება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე. კსკ ვაგნერი შოიგუსთან არანაირ კონტრაქტს მოაწერს ხელს. კსკ ვაგნერი ორგანულად არის ჩაშენებული მთლიან სისტემაში, კსკ ვაგნერი საკუთარ მოქმედებებს, მარჯვნივ-მარცხნივ, ათანხმებს გენერლებთან, დანაყოფების მეთაურებთან, აქვს დიდი გამოცდილება და არის მაღალეფექტიანი სტრუქტურა. 

სამწუხაროდ, ასეთი ეფექტიანობა ბევრ სამხედრო დანაყოფებს არ აქვს, სწორედ იმიტომ, რომ შოიგუს არ შეუძლია ნორმალურადმართოს სამხედრო ფორმირებები. ამიტომ ის, რომ ის დაწერს მითითებებსა და ბრძანებებს, ეს ვრცელდება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და მათზე, ვინც თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში იმყოფება". – თქვა პრიგოჟინმა.

კომენტარები