ვახტანგ მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი რეგულაციაზე: საავადმყოფოში ექთანთან მქონდეს სექსი, ამ დროს ვიღაც მაჯარიმებს

გირჩის დეპუტატის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით სამედიცინო დაწესებულებებზე საკუთრების უფლება იზღუდება. ამის შესახებ მეგრელიშვილმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. 

როგორც გირჩის დეპუტატმა აღნიშნა, ცვლილებები კლინიკებს აიძულებს რეგულაციების შესაბამისად რეორგანიზაცია განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დახურვის საფრთხის წინაშე დგებიან.

"კლინიკებში განყოფილებები უნდა დაინგრეს, დაიწყოს რემონტები იმისთვის, რომ რეგულაციებში ჩასხდნენ, ხოლო თუ არ ჩასხდებიან - დაიხურებიან. წარმოიდგინეთ, მე მაქვს საავადმყოფო და ვცხოვრობ - ფაქტობრივად, ჩემი სახლია, ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს, რათა დამაჯარიმოს! ხომ არ არის კარგი? რაღაც კომპანიაში ყველაფრის უფლება აქვს პოლიციელს.  ასეთი რამ სახლზე რომ დავწეროთ, წარმოგიდენიათ?! ეს ხო ჩამორთმევაა კერძო საკუთრების? თქვენ ამ რეგულაციით ფაქტობრივად კერძო საკუთრების უფლებას ზღუდავთ სამედიცინო დაწესებულებაზე".- თქვა მეგრელიშვილმა. 

პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ფარგლებში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდისა და ფუნქციების გაძლიერებაზე იმსჯელეს. 

კანონის პროექტს 12 ივნისის სხდომაზე ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გაბუნიას თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

 

კომენტარები