გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
უტიაშვილმა გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა გუნდსა და "პირადად პრემიერმინისტრს" 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებისას "გამოცხადებული ნდობისთვის". ამასთან ერთად, უტიაშვილმა დაწერა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მისი თქმით, მისი მერობის დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
"მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, თანადგომისთვის და ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ!". - წერს ის.
ზურა უტიაშვილის თქმით, ის ჯანდაცვის სფეროს დაუბრუნებდა და ქართული ოცნების გუნდთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას.
"ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც ქართული ოცნების გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.
ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად!". - წერს გურჯაანის ყოფილი მერი.





