ჩინეთი-სინგაპური

ჩინეთი და სინგაპური თავდაცვის უმაღლესი დონის ცხელი ხაზის შექმნაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ და სინგაპურის თავდაცვის მინისტრი, ენგ ენგ ჰენი
AP Photo/Vincent Thian

პეკინსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული ურთიერთობისა და დიალოგის არარსებობის ფონზე, ამერიკის ახლო მოკავშირე სინგაპურმა და ჩინეთმა საფუძველი ჩაუყარეს ორ ქვეყანას შორის ცხელი ხაზის შექმნას.

სინგაპურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენერალმა, ლი შანგფუმ, რომელიც თანამდებობაზე მარტის თვეში დაინიშნა, სინგაპურელ კოლეგა ენგ ენგ ჰენთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თავდაცვის ლიდერების მაღალი დონის კომუნიკაციისთვის დაცული სატელეფონო ბმულის შესაქმნელად.

"კომუნიკაციის მსგავსი, მაღალი დონის ღია ხაზები მნიშვნელოვანია ურთიერთგაგებისა და ნდობის გასაძლიერებლად". - წერია ოფიციალური სინგაპურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ლი შანგფუსთვის ეს სინგაპურში თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომლის დროსაც მასპინძელი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს განიხილავს. სინგაპურის თქმით, ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების დროს რეგულარულად იკვეთებიან და ლის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული ურთიერთობის დასტურია.

ლი სინგაპურში შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრება და 4 ივნისს კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს, თავდაცვის მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს მიმართავს.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ პენტაგონის შეთავაზებაზე, სინგაპურში შემდგარიყო აშშ-ს თავდაცვის მდივნისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, პეკინმა უარი თქვა.

მარტში ჩინეთმა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და დაძაბულ რეგიონში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად თავდაცვის ცხელი ხაზი იაპონიასთანაც აამოქმედა.

კომენტარები