ბავშვთა დაცვის დღე

ბავშვთა დაცვის დღეს UNICEF-ი პოზიტიური მშობლობის შესახებ კამპანიას იწყებს

გაეროს ბავშვთა ფონდი

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ბავშვთა დაცვის დღეს იწყებს კამპანიას პოზიტიური მშობლობის შესახებ, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. იუნისეფი აღნიშნავს, რომ მშობლების კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რათა მათ სათანადოდ იზრუნონ შვილებზე.

"იუნისეფი ყველა ბავშვს საქართველოში ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს. ეს დღე  ბავშვების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ეძღვნება. პირველ ივნისს იწყება და მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება იუნისეფის მიერ ორგანიზებული პოზიტიური მშობლობის შესახებ კამპანია" - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი და ხაზს უსვამს მშობლების კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას.

"ბავშვის აღზრდა ზოგჯერ შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, ამიტომაც მშობლების კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შვილებს საჭირო ზრუნვა და მხარდაჭერა ჰქონდეთ. საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლებს აძლევს საშუალებას, გამოიმუშაონ გამძლეობა და ეფექტიანად გაუმკლავდნენ მშობლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს მთელ ოჯახს" - აღნიშნავს იუნისეფი.

"მშობლობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა", ამბობს ემი ქლენსი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე. მისი თქმით, მშობლობის მნიშვნელობის ხაზგასმით გაეროს ბავშვთა ფონდი აღიარებს იმ გადამწყვეტ როლსაც, რომელსაც ისინი ასრულებენ თავიანთი შვილების ცხოვრების ფორმირებაში.

"ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ მშობლების მხარდამჭერ მომსახურებებში უფრო მეტ ინვესტირებას. მშობლების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში ინვესტიცია გადამწყვეტია ბავშვების პოზიტიური და ყოვლისმომცველი განვითარებისათვის. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვცდილობთ მივაწოდოთ მშობლებს საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა, რაც მათ დაეხმარებათ გამოიყენონ აღზრდის პოზიტიური მეთოდები. ეს კი ბავშვებს ცხოვრებაში საუკეთესო სასტარტო პოზიციებს შეუქმნის“, დასძინა ემა ქლენსიმ.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს, განავითარონ ხარისხიანი მშობლობის პროგრამები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომობა ხარისხიან ადრეული განათლებასა და ზრუნვაზე ყველა ბავშვისთვის და პრიორიტეტად დაისახონ ინვესტირება ბავშვების ცხოვრების ადრეულ წლებში.

მშობელთა თვის აქტივობების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს მშობლების გაძლიერებას კონკრეტული ცოდნითა და უნარებით, თუ როგორ იზრუნონ საკუთარ თავსა და შვილებზე.

"სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, როგორებიცაა სემინარები და ინტერაქტიული სესიები, მშობლები აღიჭურვებიან ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა მშობლისა და ბავშვის პოზიტიური ურთიერთობისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ასევე იგეგმება სოციალური მედიის კამპანია, რომელიც მოიცავს მშობლებისა და ბავშვების ისტორიებს, საგანმანათლებლო ვიდეოებს ბავშვთა ფსიქოლოგების მონაწილეობით, სადაც ისინი პოზიტიური აღზრდის შესახებ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ მშობლებს. შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და რესურსებს პოზიტიური მშობლობის შესახებ " - აღნიშნავს იუნისეფი.

გარდა ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, 8-9 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ფოკუსირებულია თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე და გამოყენებული იქნება, როგორც პლატფორმა პოზიტიური მშობლობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

"იმართება შეხვედრები მშობლებთან პოზიტიური მშობლობის შესახებ ისეთ ბიზნეს კომპანიებთან პარტნიორობით, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა და „ჯი პი აი ჰოლდინგი“. შეხვედრების მიზანია დიალოგი მშობლებსა და ფსიქოლოგებს შორის პოზიტიური მშობლობის სხვადასხვა საკითხის შესახებ.

პოზიტიური მშობლობა ხაზს უსვამს მშობლებსა და შვილებს შორის პატივისცემაზე დაფუძნებულ, არაძალადობრივ და მზრუნველობით ურთიერთობებს. ის მოუწოდებს მშობლებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, იზრუნონ მათი თვითშეფასების ამაღლებაზე და მხარი დაუჭირონ მათ ჯანსაღ ზრდას და განვითარებას" - ნათქვამია იუნისეფის განცხადებაში.

კომენტარები