ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

კადრი ევგენი პრიგოჟინის მიერ 12 მაისს გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით გამოეხმაურა გავრცელებულ დაუდასტურებელ ცნობას, რომ რუსულ მედიას მასსა და მის დაჯგუფებაზე საუბარი აუკრძალეს.

პრიგოჟინის თქმით, კრემლის მაღალი რანგის ბიუროკრატები ცდილობენ, რომ ვაგნერზე არავინ ისაუბროს. ოლიგარქი თვლის, რომ ეს გარემოება ამ ბიუროკრატების მიმართ ხალხის დამოკიდებულებას გააუარესებს და ისინი მხოლოდ მცირე დროს მოიგებენ, გრძელ ვადაში კი ხალხისგან საპასუხო ქმედებებს მიიღებენ.

"ის, რომ უმაღლესი რანგის ბიუროკრატები, კრემლის სწორედ იმ კოშკიდან ცდილობენ გარშემო ყველას მოაკეტინონ პირი, რათა კერძო სამხედრო კომპანი ვაგნერზე არ ილაპარაკონ, ეს მხოლოდ დამატებით ბიძგს მისცემს ხალხს და პლუს მათ დაუმატებს ზიზღს სწორედ იმ ბიუროკრატების მიმართ. სწორედ ამიტომ, რას აკეთებენ? ისინი იმარტივებენ ცხოვრებას მოკლე პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, გრძელი ვადა კი არის 2-3 თვე და არა წლები, ისინი ხალხისგან თავში წკიპურტს მიიღებენ, მათი პირისა და ყურების დახშობის მცდელობისთვის". – აღნიშნა პრიგოჟინმა. 

პრიგოჟინის თქმით, "აკრძალული ხილი ტკბილია" და ხალხი ვაგნერზე საუბარს არ შეწყვეტს. მან ასევე აღნიშნა, რომ "სიმართლის დაფარვა შეუძლებელია".

პრიგოჟინი ფიქრობს, რომ ვაგნერის ხსენება რუსული მედიებისთვის მართლაც აკრძალეს.

ერთსაათიან ინტერვიუში, რომელიც გასულ 24 მაისს გამოქვეყნდა, პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც. 

"გამოაცხადეს სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია უკრაინის ჩვენს პრორუსულ წიაღში გადმოყვანაა. უკრაინაში ამ წიაღში მოხვედრა ბევრს სურდა. თუ პრორუსულ წიაღს ვქმნით, უნდა შევცვალოთ [უკრაინის] ხელისუფლების მეთაურები, ერს ტრა*ი დავუკოცნოთ და ჩვენთან მოვიპატიჟოთ... ჩვენ რა გავაკეთეთ? მოვედით თავხედურად, ჩექმით გავთელეთ მთელი ტერიტორია ნაცისტების ძებნაში. სანამ ნაცისტებს ვეძებდით, ვისაც შეგვეძლო, ყველას ყოფა ვუტირეთ, მივედით კიევთან შემდეგ ჩავისვარეთ და გავედით". – ამბობდა პრიგოჟინი ინტერვიუში. 

პრიგოჟინმა ეჭვი შეიტანა კრემლის მტკიცებაშიც, რომ უკრაინა ომის დაწყებამდე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადებოდა.

ამას გარდა, ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, თუმცა, როცა ის თავისუფალი იყო, ამას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა, რადგან ის მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეებს იკვლევდა და აქვეყნებდა.

პრიგოჟინი: ჩემი პირის დახურვა სცადეთ და ყურადღებით დავაკვირდებით როგორ გამოგივათ

გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

კომენტარები