გამომცემლობა სოტამ რუსეთის ისტორიის მე-10-11 კლასების ახალი სახელმძღვანელოს თავი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინის ომსა და წინარე მოვლენებს შეეხება. სოტას ცნობით, გამომცემლობას ფოტოები მასწავლებელმა მიხაილ კოპიცამ მიაწოდა.
მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისტორიის სწავლას მომავალი წლიდან დაიწყებენ. სასწავლო მასალა არ შეიცავს წყაროებზე მითითებებს და უმეტესი ნაწილი უკრაინის ომსა და რუსეთის "კოლექტიურ დასავლეთთან" დაპირისპირებას ეთმობა. გარდა ამისა, ერთ-ერთი აბზაცის ბოლოს ჩამოწერილია ლოზუნგები, რომლითაც ხელისუფლება მხარს უჭერს ომს: "ჩვენი საქმე მართალია! მტერი დამარცხდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!"
სახელმძღვანელო ძირითადად იმეორებს უკრაინაში ომთან მიმართებით კრემლის პროპაგანდას. ომის წინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოში წერია, რომ 2022 წლის იანვარში მოსკოვში თითქოსდა ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, დასავლეთის მხარდაჭერით, მარტში "დონბასისა და ყირიმის დასაპყრობად სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის" ემზადებოდა. სახელმძღვანელოში ამ მტკიცების დამადასტურებელი არცერთი წყარო არ არის მითითებული (ისინი არც რუსეთის ხელისუფლებას წარმოუდგენია).
შესაბამისად, სახელმძღვანელოს მიხედვით, რუსეთის მიერ წამოწყებულ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას "პრევენციული ღონისძიება" ეწოდება. სახელმძღვანელოს მტკიცებით, ოპერაცია "რუსეთის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უპირატესობით დაიწყო, ჰაერსა და ზღვაში", ხოლო მოგვიანებით, ბრძოლის ველზე ძალების ბალანსი "განუხრელად შეიცვალა რუსეთის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ".
გარდა ამისა, სახელმძღვანელოში არაფერი წერია რუსეთის კონკრეტულ ოპერაციებზე, მათ შორის, რუსი სამხედროების მიერ იზიუმისა და ხერსონის მიტოვებაზე, თუმცა, გვერდზე მეტი ეთმობა დასავლურ სანქციებს, რომლებმაც, "რუსეთი შესუსტების ნაცვლად, გააძლიერა" და რომლებმაც, "ხალხი თავისი შეიარაღებული ძალებისა და ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად გააერთიანა".
სახელმძღვანელოს ავტორები დუმის დეპუტატი ვიაჩესლავ ნიკონოვი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი დევიატოვი არიან.
ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა თქვა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული თავები" დაემატებოდა. 2022 წლის აგვისტოში, პარტია ერთიანი რუსეთის საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა თქვა, რომ რუსეთი შექმნის "სწორ ისტორიის სახელმძღვანელოს", რომელიც მოიცავს თავებს უკრაინის ომის შესახებ.





