ბელარუსი

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია – ცეპკალო

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსელი ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვალერი ცეპკალო ავრცელებს.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება." - წერს ცეპკალო Telegram-ზე.

ოპოზიციონერის თქმით, ექიმებმა ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით მისი ბელარუსში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

"ლუკაშენკო ტრასპორტირებადი არ იყო. ორგანიზებული ღონისძიებები ბელარუსის დიქტატორის გადასარჩენად მიზნად ისახავდა მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ სპეკულაციების თავიდან აცილებას” - წერს ცეპკალო.

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მისი ჯანმრთელობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ სიკვდილს ჯერ არ აპირებს. 

"რადგან მკურნალობის საშუალება არ მქონდა, ხან მოსკოვში ვიყავი წასასვლელი, ხან გროდნოში, ხან გომელში, ეს ყველაფერი დაგროვდა. ამიტომ, არ ვაპირებ სიკვდილს, მეგობრებო. კიდევ დიდხანს მოგიწევთ ჩემი გაძლება." - თქვა ლუკაშენკომ. 

9 მაისის შემდეგ ლუკაშენკო საჯაროდ არ გამოჩენილა.

ბელარუსულენოვანი გამოცემა Наша Ніва 9 მაისს წერდა, რომ ლუკაშენკომ მოსკოვში ჩატარებული გამარჯვების დღის ღონისძიება ნაადრევად დატოვა. მედია წერდა, რომ ლუკაშნეკო ალექსანდრეს ბაღში დსთ-ს ქვეყნების სხვა ლიდერებს ფეხით არ გადაჰყვა და ის მანქანით მიიყვანეს, შემდეგ კი მათ ერთობლივ არაფორმალურ სადილს არ დაესწრო. ამას გარდა, მედიამ კრემლის მიერ გავრცელებულ ფოტოში შენიშნა, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა.

კომენტარები