Meta

ევროპელმა მარეგულირებლებმა Meta რეკორდული €1.2 მილიარდით დააჯარიმეს

ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta ევროკავშირის მოქალაქეების მონაცემების შეერთებულ შტატებში არსებულ სერვერებზე გადაცემისთვის რეკორდულად დიდი, 1.2 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპაში Meta-ს ოპერაციების ზედამხედველი მთავარი მარეგულირებლის, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ Facebook-ში წარმოებულ გამოძიებას.

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ფარგლებში დაწესებულ ჯარიმათა შორის აღნიშნული ჯარიმა ჯერჯერობით ყველაზე მაღალია.

"Facebook-ს ევროპაში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, რის გადაცემული პერსონალური მონაცემების მოცულობა ძალიან დიდია. უპრეცედენტო ჯარიმა ორგანიზაციებისთვის ძლიერი სიგნალია, რომ კანონის დარღვევას შორს მიმავალი შედეგები აქვს". - თქვა ანდრეა იელინეკმა, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს თავმჯდომარემ.

Meta-ს განცხადებით მონაცემების ქვეყნებს შორის მიმოცვლა გლობალური ღია ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

კომენტარები