დავით კეზერაშვილი

კობახიძე: კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედია BBC-ს

"კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. 

"კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა - თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რამდენჯერაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად, სიცრუის გავრცელებას და ა.შ. იმდენჯერ ამას უწოდა კეზერაშვილის ტელევიზიამ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC

ზოგადად, ერთი რამ უნდა ითქვას - კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი შარაგზის ყაჩაღი, ის ძარცვავდა ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს, შემდეგ უკვე ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და უჩივლა BBC-ს იმ უმარტივეს დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ის ამხილეს და შეიტანა სარჩელი. მის ბუნებაზე მეტყველებს - იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს. ფული მას საკმაოდ ბევრი აქვს. ასევე, მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატრონების იმედი, რომლებიც ეხმარებიან მას თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღებაში ევროპის მასშტაბით. ნუ, თუ პატრონები დაეხმარებიან და დიდი ფულიც ამოქმედდება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, BBC-ც კი დაამარცხოს კეზერაშვილმა, ისევე, როგორც ამარცხებდა თავის დროზე ბიზნესმენებს, ჯარს ძარცვავდა და როგორც ამარცხებდა ევროპელ პენსიონერებს. არ ვიცი, ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა BBC-ს, თავისუფალ მედიას კეზერაშვილი". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი კეზერაშვილმა გუშინ, 17 მაისს შეიტანა.  

"მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც ცნობილი ოპოზიციური ტელეარხის, ფორმულას, დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო". - ვკითხულობთ მის წერილში. 

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები