რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთმა EU-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომდევნო ტრანშის გადაცემა დაბლოკა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი.
REUTERS/Bernadett Szabo

უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მომდევნო ტრანშის გადაცემა დაბლოკა. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა 16 მაისს ისაუბრა

ევროპის სამშვიდობო ფონდი მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერებას კონფლიქტების თავიდან აცილების, მშვიდობის დამყარებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების ფარგლებში.

"უნგრეთი არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი, სხვა არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, იყენებს ევროპის სამშვიდობო ფონდის მექანიზმს მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, რადგან ეს არ იძლევა საკმარისი თანხის გამოყენების საშუალებას ევროკავშირის ინტერესების სხვა სფეროებისთვის". - თქვა უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურის ოფისის წარმომადგენელმა Reuters-თან. 

ევროკავშირმა აღნიშნული ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის სულ დაახლოებით 3.6 მილიარდი ევრო გამოყო. უნგრეთმა კი, რომელიც ევროკავშირისა და ასევე NATO-ს წევრი ქვეყანაა, უარი თქვა რაიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე მეზობელი უკრაინისთვის. 

ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: მოზამბიკი, საქართველო, მოლდოვა, მალი, სომალი, ნიგერი, იორდანია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბანი და მავრიტანია.

კომენტარები