ბელარუსი

რუსეთის დუმის დეპუტატი ადასტურებს, რომ ლუკაშენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა Подъем-თან საუბარში დაადასტურა, რომ ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ზატულინის თქმით, ლუკაშენკო დაავადდა, მაგრამ ეს Covid-19 არაა. მისივე თქმით, მან იცის თუ რა სჭირს ბელარუსის ლიდერს, თუმცა დიაგნოზი არ დაასახელა.

"ეს არაფერი ზესაიდუმლო არაა, კოვიდი არ დამართნია. ადამიანი უბრალოდ ცუდადაა". - თქვა ზატულინმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცუდად იყო, ვალად ჩათვალა და მოსკოვში ჩამოვიდა. შემდეგ, იმავე დღის საღამოს ღონისძიება მინსკში ჩაატარა. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება". - დაამატა ზატულინმა.

9 მაისის შემდეგ ლუკაშენკო საჯაროდ არ გამოჩენილა.

ბელარუსულენოვანი გამოცემა Наша Ніва 9 მაისს წერდა, რომ ლუკაშენკომ მოსკოვში ჩატარებული გამარჯვების დღის ღონისძიება ნაადრევად დატოვა. მედია წერდა, რომ ლუკაშნეკო ალექსანდრეს ბაღში დსთ-ს ქვეყნების სხვა ლიდერებს ფეხით არ გადაჰყვა და ის მანქანით მიიყვანეს, შემდეგ კი მათ ერთობლივ არაფორმალურ სადილს არ დაესწრო. ამას გარდა, მედიამ კრემლის მიერ გავრცელებულ ფოტოში შენიშნა, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა.

14 მაისს, ბელარუსის დროშის დღეს ლუკაშენკო საჯაროდ არ გამოჩენილა.

კომენტარები