ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო დროშის დღეზე არ გამოჩენილა – მიზეზი, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, 14 მაისს სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო გერბისა და ბელარუსის ეროვნული ჰიმნის აღნიშვნაზე არ გამოჩენილა.  

ლუკაშენკოს ნაცვლად მისი სიტყვა პრემიერმინისტრმა, რომან გოლოვჩენკომ წაიკითხა.

დამოუკიდებელი გამოცემა ზერკალო აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოსთვის ამ ცერემონიალზე გამოჩენა მნიშვნელოვანი იყო, "ბოლოს და ბოლოს, ის მეხუთე დღეა საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა".

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.

მანამდე, ბელარუსულენოვანმა მედიამ, Наша Ніва-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო მინსკში ნაჩქარევად დაბრუნდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს.

ამას გარდა, Наша Ніва გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ლუკაშენკოს მარჯვენა ხელი შესაძლოა შეხვეული ჰქონოდა. 

მედია ლუკაშენკოს გამომეტყველებასა და ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა.

კომენტარები