ტაკერ კარლსონი

FOX-იდან გათავისუფლებული ტაკერ კარლსონი ახალ შოუს Twitter-ზე იწყებს

Brian Cahn / Zuma Press via Alamy file

"ვერ გექნებათ თავისუფალი საზოგადოება, თუ ადამიანებს არ აქვთ უფლება თქვან ის, რაც მათ სიმართლე ჰგონია". - ამბობს ტაკერ კარლსონი, რომელიც Fox News-იდან 2 კვირის წინ გაათავისუფლეს და ახალი ვიდეოთი Twitter-ზე ახალი გადაცემის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ილონ მასკის თქმით, Twitter-ს არ გაუფორმებია შეთანხმება კარლსონთან, რომელიც იმავე წესებს დაექვემდებარება, რომელსაც სხვა "კონტენტის შემქმნელები".

ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში კარლსონი ამბობდა, რომ თავის შოუს განაახლებს და Twitter-ზე გამოჩნდება გზავნილით - "ჩვენ დავბრუნდით".

"Twitter არ არის პარტიული საიტი, ყველას აძლევს სივრცეს და ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგია". - ამბობს კარლსონი.

Wall Street Journal-მა, რომელიც  Fox News-თან ერთად ეკუთვნის News Corp-ს, გასულ თვეში დაწერა, რომ ტაკერ კარლსონის კონტრაქტი წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იყო და იგი 2025 წლამდე გრძელდებოდა. 

კარლსონის გაშვებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღის წინ FOX NEWS-მა და აშშ-ს საარჩევნო სისტემა Dominion-მა შეთანხმებას მიაღწიეს. საქმე ეხება სარჩელს, რომელშიც Dominion ამტკიცებდა, რომ Fox-მა მის ბიზნესს ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიაყენა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები, მათ შორის, Fox News-ის ეთერში, Dominion-ს არჩევნების შედეგების შეცვლასა და მის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

ამასთან, Dominion-ის ადვოკატები სასამართლო დოკუმენტებში ციტირებდნენ კარლსონის სიტყვებს და აღნიშნავდნენ, რომ მისი გადაცემა ცილისმწამებლურ გზავნილებს შეიცავდა.

27 მარტი-2 აპრილის მონაცემებით, კარლსონის შოუ აშშ-ში რიგით მეორე ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემა იყო. 

კომენტარები