საქართველო-აშშ

VOA: სენატორებს, შაჰინსა და რიშს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა სურთ

როგორც ამერიკის ხმა (VOA) წერს, სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). წერილში სენატორები ითხოვენ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას 2024 წლის არჩევნებისთვის.

როგორც VOA წერს, სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში ერთობლივად გაგზავნილ წერილში ითხოვენ, რომ საქართველოში შეიქმნას "არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ, 2024 წლის არჩევნებს", რათა "მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს".

სენატორები, რომლებიც 2012 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ესწრებოდნენ როგორც დამკვირვებლები, ამბობენ: "ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა".

როგორც VOA წერს, მათ მიერ მოპოვებულ წერილში სენატორებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ს ეროვნული ინტერესებისთვის.

სენატორების თქმით, ბოლო წლებში შეინიშნება საქართველოს მთავრობის უკუსვლა.

"საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს". – VOA-ს ცნობით, ნათქვამია სენატორების წერილში.

სენატორების შეფასებით, დემოკრატიული უკუსვლის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ გადასცა.

VOA წერს, რომ წერილში შაჰინი და რიში ეხებიან საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო 12 პრიორიტეტსაც. მათივე თქმით, კანონი უცხოელი აგენტის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოკიდებელი მედიის დასუსტებას ცდილობდა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია". – წერენ სენატორები.

VOA-ს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვის სირთულის გამო, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დაუყოვნებლივ შექმნისკენ მოუწოდებენ.

ამასთან ერთად, შაჰინი და რიში აშშ-ს ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოში მაღალი დონის ვიზიტებისკენ მოუწოდებენ.

როგორც VOA წერს, წერილში სენატორები ადმინისტრაციას სთხოვენ სათანადო ფინანსური რესურსის გამოყოფას, რათა 2024 წლის არჩევნებზე აისახოს ქართველი ხალხის ნება. ამისთვის ისინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) "მჭიდრო თანამშრომლობას" ითხოვენ.

კომენტარები