კენია

კენიაში პასტორი მიმდევრებს აშიმშილებდა და სავარაუდოდ, მათი ორგანოებით ვაჭრობაშიც იყო ჩართული

 Simon Maina

კენიაში დაკავებული პასტორის საქმეში, რომელსაც დანაშაული ასზე მეტი პირის შიმშილით სიკვდილამდე მიყვანაში მიუძღვის, ახალი დეტალები იკვეთება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედრებიდან რამდენიმეს ზოგიერთი ორგანო ამოცლილი ჰქონდა.

გასულ თვეს კენიის სანაპიროზე მცხოვრები პასტორის, პოლ მაკენზის მიწაზე, რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ მიმდევრებს სიკვდილამდე ამარხულებდა, 21 ცხედარი იპოვეს. 

მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ დაარბია პასტორის საკუთრებაში მყოფი მიწა მალინდიში, სადაც 15 სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი აღმოაჩინეს. მათ შორის ოთხი მოგვიანებით გარდაიცვალა. მიმდევრებმა თქვეს, რომ პასტორის მითითებით შიმშილობდნენ, რათა იესოს მიახლებოდნენ.

სიკვდილის ძირითად მიზეზად კვლავ შიმშილობა რჩება, თუმცა ზოგიერთ მსხვერპლს, მათ შორის ბავშვებს ფიზიკური ძალადობის კვალიც აღენიშნებათ. 

არსებობს ეჭვი, რომ მარხვის გარდა პასტორი თავის მიმდევრებს ორგანოების გაღებასაც სთხოვდა და სხეულის ნაწილებით ვაჭრობაში იყო ჩართული. 

"გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს სხეულის ორგანოებით ვაჭრობის კარგად კოორდინირებული სისტემა იყო, რომელშიც რამდენიმე აქტორი მონაწილეობდა". - აღნიშნა საქმესთან დაკავშირებით მთავარმა ინსპექტორმა, მარტინ მუნენემ. 

აღნიშნულ საქმეზე გასულ თვეს კიდევ ერთი პირი, ეზეკიელ ოდერო დააკავეს, რომელიც ცნობილი ტელევანგელისტია. ის მაკენზის მიმდევრებისგან დიდი რაოდენობით თანხას იღებდა. 

ამ დროისთვის ნაპოვნია 112-მდე პირის ცხედარი. გამოძიება გრძელდება. 

აქამდე, პასტორი 2019 წელს და 2023 წლის მარტში ბავშვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორჯერ იყო დაკავებული. ყოველ ჯერზე ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.

ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა სასამართლოს მოუწოდეს, რომ ამჯერად არ დაუშვან პასტორის გირაოთი გათავისუფლება.

კომენტარები