CRRC-ის კვლევა

EU-ს კანდიდატის სტატუსი, 12 რეკომენდაცია, პოლარიზაცია – CRRC-ის ახალი კვლევა

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

CRRC-იმ გამოაქვეყნა ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, 12 რეკომენდაცია, NATO-ში გაწევრიანება, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე და სხვა შიდა პოლიტიკურ საკითხები. 

დასავლეთთან ინტეგრაცია 

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის მარტის თვეში პროევროპული გამოსვლების შემდეგ 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 72%-დან 81%-მდე გაიზარდა.

  • 81% - მხარს ვუჭერ
  • 8% - ვეწინააღმდეგები
  • 5% - ჩემთვის სულერთია
  • 6% - არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევის მიხედვითვე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მოტივაციად რჩება.

  • 55% - ჩემი ეკონომიკური ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება მდგომარეობა გაუმჯობესდება;
  • 33% - საქართველოში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება;
  • 30% - დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები იქნება;
  • 27% - საქართველო ეკონომიკურად ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთზე;
  • 25% - საქართველო საგარეო საფრთხეებისგან უფრო უკეთ იქნება დაცული;
  • 18% - ვიზის გარეშე შევძლებ ევროკავშირში მოგზაურობას;
  • 16% - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უკეთესი შანსი;
  • 9% - ქართული კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული;
  • 3% - გარემოს მდგომარეობა გაუმჯობესდება.

NATO-ში გაწევრიანება

კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ბოლო წლის განმავლობაში შემცირდა. 53% ფიქრობს, რომ საქართველო NATO-შო უნდა გაწევრიანდეს, 26% სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა, 5% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO). 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

CRRC-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგობა, სუსტი ეკონომიკა, პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორებია.

გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგობა ძირითადი დაბრკოლებაა, რომელიც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს უშლის. 17% ფიქრობს, რომ ეს დაბრკოლება ძლიერი ეკონომიკის არქონაა, 15% მიზეზად შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახელებს, 13% კი - დემოკრატიის უკუსვლას. 

კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. 25% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს). 11% არცერთს არ ეთანხმება, ხოლო 20%-მა პასუხისგან თავი შეიკავა. 

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია 

CRRC-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 9% მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციაში დავით კეზერაშვილი იგულისხმა, 8% - მიხეილ სააკაშვილს, 7% - მამუკა ხაზარაძეს, 5% კი - ვანო ჩხარტიშვილს.

სხვა შიდა პოლიტიკური საკითხები

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა (33%) რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციას საფრთხედ მიიჩნევს.

ამავე კვლევით, მოსახლეობის მესამედი პოლიტიკურ პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად ქართულ ოცნებას ადანაშაულებს, 28% მიიჩნევს, რომ ორივე მხარე თანაბრად არის პასუხისმგებელი. 58% ფიქრობს, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში ქართული ოცნებაა დამნაშავე.

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

კომენტარები