დონალდ ტრამპი

ტრამპმა მის წინააღმდეგ მიმდინარე გაუპატიურების პროცესზე ჩვენება არ მისცა

REUTERS AND GETTY

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების სამოქალაქო პროცესზე ჩვენების მიცემის ბოლო შანსზე უარი თქვა.

ტრამპს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის იბრძვის, ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლე ლუის ა. კაპლანმა ჩვენების მიცემისთვის განცხადების შესატანად დრო 7 მაისის საღამოს 5 საათამდე მისცა, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა პროცესში მონაწილეობა არ ისურვა.

მანჰეტენზე მიმდინარე ორკვირიან სასამართლო პროცესზე, რომლის დროსაც ყოფილი პრეზიდენტის დამადანაშაულებელი ამერიკელი ჟურნალისტი, ჯინ ქეროლი რამდენიმე დღის განმავლობაში იკითხებოდა, ტრამპი ერთხელაც არ გამოჩენილა.

ტრამპის ჩვენების გარეშე, 8 მაისს იურისტები დასკვნით არგუმენტებს წარმოადგენენ, ხოლო 9-ში საქმის არსებითი განხილვის დაწყება იგეგმება.


ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლი დონალდ ტრამპს 30 წლის წინ გაუპატიურების გამო უჩივის. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების პროცესზე მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ საქმე საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად წამოიწყო.

ქეროლი ამტკიცებს, რომ ტრამპი მას მანჰეტენის უნივერმაღში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში მიუახლოვდა, ფლირტისთვის დამახასიათებელი ხუმრობებით გამოელაპარაკა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ხუმრობა მალევე დასრულდა, როდესაც ტრამპმა ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა და გასახდელში გაჰყვა. შესვლისთანავე, ტრამპმა კარი დახურა, ქეროლი კედელთან მიიმწყვდია და გააუპატიურა.

ქეროლმა სავარაუდო ფაქტის შესახებ პირველად 2019 წელს ილაპარაკა. ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება.

კომენტარები