აშშ-ის დაზვერვის დირექტორის, ავრილ ჰეინსის თქმით, ვაშინგტონს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შეფასებისთვის.
"თქვენ იცით, რომ უკრაინის მთავრობა სავარაუდო თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მომხდარის დამოუკიდებლად შეფასების საშუალებას მოგვცემს". - ამბობს ჰეინსი.
ასევე, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა თქვა, რომ რუსეთის განცხადება, რომ უკრაინა პუტინის მოკვლას ამერიკის დახმარებით ცდილობდა, დეზინფორმაციაა.
მანამდე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ პესკოვის ბრალდება, თითქოს კრემლზე თავდასხმა ვაშინგტონის მითითებით მოხდა, სიცრუეა.
"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ არ ყოფილა ჩართული. რაც იყო, ჩვენ მისი მონაწილეები არ ვყოფილვართ. არაფერი გვაქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, ცხადად და მარტივად". – თქვა კირბიმ MSNBC-სთან.
3 მაისს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ ორი დრონით სცადა რუსეთის პრეზიდენტის კრემლში მდებარე რეზიდენციაზე თავდასხმა, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატები უვნებელყვეს. გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც დრონი კრემლის თავზე ფეთქდება.
კრემლის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი და პუტინის მკვლელობის მცდელობა, 9 მაისის ღონისძიებებამდე. განცხადების მიხედვით, "რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, სადაც და როცა საჭიროდ ჩაითვლება".
უკრაინა თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.





