ნიდერლანდები

სპერმის დონორი, რომელსაც 500-ზე მეტი შვილი ჰყავს, კვლავ დონაციისთვის $110 000-ით დაჯარიმდება

ჯონათან იაკობ მეიჯერი
CEN

სპერმის დონორი, რომელსაც, სავარაუდოდ, 500-ზე მეტი შვილი ჰყავს, დონაციის გაგრძელების შემთხვევაში, ნიდერლანდების სასამართლოს გადაწყვეტილებით, $110 000-ით დაჯარიმდება.

ნიდერლანდების სასამართლომ 41 წლის ჯონათან იაკობ მეიჯერის საქმე განიხილა. მეიჯერი დედებს, რომლებიც მის სპერმას იყენებდნენ, დაჰპირდა, რომ ინცესტის რისკის შესამცირებლად დონაციას შეწყვეტდა, მაგრამ, იგი სპერმის ჩაბარებას მაინც აგრძელებდა. ევამ, დედამ, რომელმაც მას სასამართლოში უჩივლა, თქვა, რომ მეიჯერმა ქალები შეცდომაში შეიყვანა. 

"დონორთან საუბრისას დედებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ ის უნდა შეჩერებულიყო, თუმცა, არაფერმა იმოქმედა. სასამართლოში წასვლა ჩემი შვილის დაცვის ერთადერთი გზაა". - აღნიშნავს ის. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეიჯერმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დონაცია და იმ კლინიკებში, სადაც მან სპერმა ჩააბარა, ნიმუშების განადგურება მოითხოვოს. 

მეიჯერის ადვოკატის მტკიცებით, მის კლიენტს მხოლოდ მშობლების დახმარება სურდა, რომლებსაც სხვაგვარად შვილის გაჩენა არ შეეძლოთ. მაგრამ, საქმის მოსამართლემ აღნიშნა, რომ მეიჯერმა ჰოლანდიის კანონი დაარღვია, რომელიც სპერმის დონორს 12 დედისგან 26 შვილამდე გაჩენის უფლებას აძლევს.

"ყველა ეს მშობელი ახლა დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ მათი შვილები უზარმაზარი ნათესაური ქსელის ნაწილი არიან, ასობით ნახევარ და-ძმასთან ერთად, რომლებიც მათ არ აურჩევიათ. შესაბამისად, მათ ინტერესშია, რომ ეს ნათესაური ქსელი აღარ გაფართოვდეს". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევა ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედოვნებს, რომ ეს მასობრივი შემოწირულობის აკრძალვას სხვა ქვეყნებშიც გამოიწვევს. მისი თქმით, როდესაც იგი 2018 წელს მეიჯერს შეხვდა და დონორად აირჩია, კაცმა უთხრა, რომ ლეგალურ ლიმიტზე შეჩერდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ევამ გაიგო, რომ მეიჯერმა ამ ზღვარს მასთან შეხვედრამდე ძალიან დიდი ხნით ადრე მიაღწია. 

მეიჯერს სავარაუდოდ 102 შვილი ჰყავს ნიდერლანდებში, რის გამოც იგი 2017 წელს დონორთა შავ სიაში შეიყვანეს. იგი შემოწირულობებს სხვა ქვეყნებშიც აგრძელებდა, მათ შორის დანიასა და უკრაინაში. ამჟამად მეიჯერი კენიაში ცხოვრობს. 

ჰოლანდიის მეან-გინეკოლოგების საზოგადოებამ სპერმის ყველა ბანკსა და კლინიკას მეიჯერის ნიმუშების გამოყენების შეწყვეტისკენ 2017 წელს, მისი შავ სიაში შეყვანის შემდეგ მოუწოდა, თუმცა, მეიჯერი სპერმის დონაციას არალეგალურად აგრძელებდა. 

კომენტარები