რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილონმა მისიას თავი ვერ გაართვა – მედვედევი Twitter-დან პოსტის წაშლის გამო მასკს აკრიტიკებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ილონ მასკმა Twitter-თან დაკავშირებით დაკისრებულ მისიას წარმატებით თავი ვერ გაართვა და სოციალური მედია უკრაინელების მიმართ მიკერძოებულია. მედვედევის კრიტიკა მის მიერ Twitter-ზე დაწერილი პოსტის წაშლას მოჰყვა. ის წერდა, რომ რუსეთისთვის პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. 

"Twitter-ი დანებდა სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხოხოლების [ტერმინი, რომელსაც რუსები უკრაინელების დასამცირებლად იყენებენ] ნებას. იგივე გაიმეორა, რაც ერთ დროს ტრამპთან მიმართებაში გააკეთა. სამწუხაროდ, ილონმა მისიას თავი წარმატებით ვერ გაართვა". - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსები საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის ცინიკურად იყენებდნენ Twitter-ს. თუმცა მისივე თქმით, ამ სოციალური მედიის გარეშეც მარტივად განაგრძობს ცხოვრებას. 

"პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ხელისუფლებაში რუსოფობები არიან. უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც სუნიანი ვირთხები".  - წერდა მედვედევი Twitter-ზე. 

კომენტარები