თურქეთის ოპერაცია სირიაში

ერდოღანის თქმით, თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყნის სადაზვერვო ძალებმა სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ჰუსაინ ალ-კურაიში მოკლეს.

30 აპრილს სატელევიზიო გადაცემაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია აბუ ალ-ჰუსაინ ალ-კურაიშს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს. 

"ეს პირი MIT-მა (თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია) გუშინ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს გაანეიტრალა. ჩვენ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ". - აღნიშნა ერდოღანმა.

აბუ ჰუსაინ ალ-კურაიში ISIS-ის ლიდერად მას შემდეგ აირჩიეს, რაც ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერი სირიაში მოკლეს. ალ-კურაიშის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ დაჯგუფება მას ახასიათებს, როგორც "ძველ მებრძოლს".

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია თურქეთის დაზვერვის აგენტებმა და თურქეთის მხარდაჭერილმა ადგილობრივმა სამხედრო პოლიციამ სირიის ჩრდილოეთ რეგიონში, ჯანდარისში ჩაატარეს. 

თურქეთმა 2020 წლიდან ჯარები ჩრდილოეთ სირიაში განათავსა და ამ ტერიტორიას ადგილობრივი სირიელი მეამბოხეების დახმარებით აკონტროლებს.

აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია ჩაატარა და განაცხადა, რომ დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო თავდასხმებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გეგმავდა. 

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათ ოპერაციაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი ლიდერი მოკლეს. ისლამური სახელმწიფოს ეჭვმიტანილმა მებრძოლებმა კი 16 აპრილს სირიაში 41 ადამიანი მოკლეს, მათგან - 24 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები