კრიმინალი

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს

რენატა ბეგიაშვილი / Facebook

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი 25 აპრილს დააკავეს. განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. კაცს უწყებამ ბრალდება უკვე წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს". - წერია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

"პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს". - წერია განცხადებაში.  

ბეგიაშვილმა ქმრის, შალვა იაშვილის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა.

"მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი. სახელი-გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში, რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არამეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!" – დაწერა ბეგიაშვილმა.

პოსტის შემდეგ შალვა იაშვილმა Facebook-ის საშუალებით ბრალდება უარყო, თუმცა შემდეგ მისი ანგარიში წაიშლა.

კომენტარები