რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, 21 აპრილს მათ დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

ქართული ლეგიონის შევრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ სარაკეტო დარტყმას უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი ქართული ლეგიონის 60 მებრძოლი ემსხვერპლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ იერიში მიიტანეს 21 აპრილს, ისკანდერის სარაკეტო სისტემით "უცხოელი დაქირავებულების" დროებით დისლოკაციის ადგილსა შეიარაღების საცავზე, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარეობდა. მათივე მტკიცებით, დაიღუპა ქართული ლეგიონის 60 მებრძოლი, 20 კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა ისაუბრა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იგორ კონაშენკოვის მეშვეობით ხშირად ავრცელებს ინფორმაცია, რომელიც რეალობას სრულად ან ნაწილობრივ არ შეესაბამება. მას კრიტიკულად უყურებენ რუსეთის ულტრანაციონალისტურ და ომის მხარდამჭერ წრეებშიც.

გასულ თვეებში სწორედ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულ "ლაბორატორიებში ავითარებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც ისინი ადამიანებს გარეული ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ". მას ასევე გაუკეთებია განცხადებები HIMARS-ის სისტემებისა და მისი რაკეტების განადგურების შესახებ. იანვრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ჩაატარეს "ოპერაცია შურისძიება", რომელსაც 600-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. შემდეგში, ჟურნალისტების ინფორმაციით გაირკვა, რომ სინამდვილეში რაკეტა მიზანს ასცდა. დასავლური მედიის გარდა, ინფორმაციას ირონიულად აფასებდნენ ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე. ეს "ოპერაცია" რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ ჩაატარა, რაც მაკეევკაში მათი სამხედროების დისლოკაციის შენობაზე იერიშს, კიევის ცნობით, 400-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული იყო შესაბამისი კადრებიც, რომლებშიც იერიშის შედეგები ჩანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ იერიშის შედეგად მხოლოდ 89 სამხედრო დაკარგეს.

ქართული ლეგიონს, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ დღეებში არაფერი დაუწერია. უკრაინიდან ქართველ მოხალისეთა დაღუპვის შესახებ არც ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

კომენტარები