რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლური მედია, რუსი სამხედრო ბლოგერებიც რუსეთის "ოპერაცია შურისძიებას" სიცრუეს უწოდებენ

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 იანვარს მათ პირველი იანვრის მაკეევკას იერიშის საპასუხოდ, კრამატორსკში ჩაატარეს "ოპერაცია შურისძიება", რასაც, მათივე თქმით, 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. თუმცა, როგორც დასავლური მედია, ისე პრორუსი სამხედრო კომენტატორები, ამბობენ, რომ ცნობები კრამატორსკში უკრაინელების დიდი მსხვერპლის შესახებ სიცრუეა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მათ მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს კრამატორსკში მდებარე ორ საერთო საცხოვრებელზე, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

გამოცემა Reuters-ის რეპორტიორის ინფორმაციით, რუსეთის რაკეტები სამიზნეებს აცდა და შემთხვევის ადგილზე არ ჩანს მსხვერპლის "აშკარა ნიშნები". არც ერთ შენობას რაკეტა პირდაპირ არ მოხვედრია და მძიმედ არ დაზიანებულა. ამავე ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტი დანიელე რენერი და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანტტი კურონენი.

დასავლური მედიის გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია ირონიულად შეაფასა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფმა პრორუსულმა ტელეგრამ-არხმა GREY ZONE-მაც.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკეევკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე იერიში 1-ელ იანვარს მიიტანეს. მათი ცნობით, დაიღუპა 400-მდე სამხედრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს 89 რუსი სამხედროს სიკვდილი, მათ შორის იყო ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინიც. რუსეთის თავდაცვის უწყება შემთხვევა სამხედროების მიერ, აკრძალვის მიუხედავად, მობილური ტელეფონების გამოყენებას დააბრალა. 

კომენტარები