რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

AP Photo/Efrem Lukatsky

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგის უკრაინაში ვიზიტი ნიშნავს, რომ ალიანსი მზადაა უკრაინასთან ურთიერთობაში ახალ საფეხურზე გადასვლისთვის. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ, ამ მიმართულებით მოსალოდნელია მეტად ამბიციური გადაწყვეტილებებიც. 

ზელენსკის ცნობით, შეხვედრაზე 4 ძირითადი თემა განიხილეს. 

"პირველი, ეს არის რამშტაინის შეხვედრა, რომელიც ხვალ შედგება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორებისგან მოველით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების შეიარაღებულ მხარდაჭერას. მეორე, მე მივმართე გენერალურ მდივანს თხოვნით, რომ დაგვეხმაროს გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების ყოყმანის დაძლევაში... მესამე საკითხი ვილნიუსის სამიტს ეხება, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად შეიძლება იქცეს. მადლიერი ვარ სამიტზე მოწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა. მეოთხე არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, NATO-სკენ მიმავალ გზაზე". - წერს ზელენსკი Facebook-ზე. 

პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მოლაპარაკებების დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში მშვიდობის ერთობლივად დამყარების მიმართ იმედები გამოთქვა. 

20 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევს ეწვია. ომის დაწყების შემდეგ ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია უკრაინაში. 

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალურმა მდივანმა  წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძრის მემორიალურ კედელთან პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას. 

კომენტარები