ჟურნალისტების დაკავება

მედიაკოალიცია: ჯიქურაშვილისა და ვარდიაშვილის დაჯარიმება მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია

მედიის ადვოკატირების კოალიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების, პუბლიკას დირექტორის, ზურა ვარდიაშვილისა და ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას ეხმიანება. კოალიციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტების, მათი საქმიანობისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

"ზურა ვარდიაშვილი  აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს. ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი  დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან  სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შსს-ს  დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შსს-ს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.". - წერია განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. მათივე თქმით, ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი 2200-2200 ლარით დააჯარიმა. ორივე შემთხვევაში განაჩენი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გამოიტანა. ჟურნალისტები 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ბექა ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ტაბულას ჟურნალისტი "იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ", აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში. ვიდეოკადრებში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს აჩვენა, ჩანს, რომ ჯიქურაშვილის დაკავებისას გზა უკვე გადაკეტილი იყო. ასევე, ის არ დგას ახლოს სხვა დაკავებულებთან.

გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ბექა ჯიქურაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა, დაკავების ვიდეოში ასევე ისმის, რომ ტაბულას რეპორტიორი სწორედ მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია - ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა.

"მის [ზურა ვარდიაშვილის] მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ "ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა". - წერს პუბლიკა.

ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს.

კომენტარები