შეტაკებები სუდანში

სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სამხედრო საბჭოს უფროსის მოადგილე და გასამხედროებული ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელი
REUTERS/Umit Bektash/File Photo

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

აქამდე ბლინკენმა დაპირსპირებული მხარების წარმომადგენლებთან – სუდანის არმიის მეთაურთან და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელთან – ინდივიდუალური სატელეფონო საუბრები გამართა. 

სუდანის მმართველი სამხედრო საბჭოს წევრმა, არმიის გენერალმა შამს ელ დინ კაბაშიმ Al Arabiya TV-ს ეთერში აღნიშნა, რომ მხარეები ცეცხლს 18:00 საათზე 24 საათის განმავლობაში შეწყვეტენ.

გასამხედროებული დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ლიდერმა, გენერალმა მოჰამედ ჰამდან დაგალომ თქვა, 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად გამოცხადდება.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება დედაქალაქის გარშემო შეუძლებელია, ხოლო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის საფრთხის წინაშეა.

მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 97 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა, კიდევ 365 კი დაშავდა.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ. 

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს.

კომენტარები