ვლადიმირ კარა-მურზა

აშშ: კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების სამიზნეა – მოვითხოვთ მის გათავისუფლებას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"კარა-მურზა რუსეთის მთავრობის მიერ რეპრესიების ესკალაციის კამპანიის კიდევ ერთი სამიზნეა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კარა-მურზასა და რუსეთში მყოფი სხვა 400-ზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  სოლიდარობას კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თანამოქალაქეებს დიდი პირადი მსხვერპლის ხარჯზე. ჩვენ ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, TACC-ს კარა-მურზას ადვოკატი, მარია ეისმონტი ესაუბრა

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმის განხილვისას იყო არაერთი სერიოზული პროცედურული დარღვევა და ამიტომ ვასაჩივრებთ მას". – აღნიშნა მარია ეისმონტმა.

კომენტარები