ისრაელი

ნეთანიაჰუ სასამართლოს რეფორმაზე: მსურს, კონსენსუსს მივაღწიოთ, გადავწყვიტე ტაიმ-აუტი ავიღო

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ტაიმ-აუტის აღებას გეგმავს

"ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების დასაბალანსებლად გადავწყვიტე ტაიმ-აუტი ავიღო. ჩვენი საზოგადოების ორივე მხარეს  რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია. მსურს, კონსენსუსს მივაღწიოთ". - აღნიშნა POLITICO-ს ცნობით, ნეთანიაჰუმ NBC-სთან ინტერვიუში. 

ინტერვიუში ისრაელის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ მის საბოლოო მიზნად კვლავ რჩება რეფორმის ამოქმედება, თუმცა დროებით ამ მიმართულებით მისი მცდელობები შეწყდება. 

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

მასშტაბურ საპროტესტო აქციებში ჩართული არიან ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. მათი სხვადასხვა დანაყოფი რამდენჯერმე გაიფიცა.

კომენტარები