შეტაკებები სუდანში

სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა

დემონსტრანტებმა ხართუმში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს
AFP

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შაბათს მომხდარი შეტაკების შემდეგ მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ BBC იტყობინება.

დროებით ცეცხლის შეწყვეტის მიზანია, რომ ათიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების ეპიცენტრში არიან, ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ. ეს ასევე შესაძლებელს გახდის დაშავებულების ჰოსპიტალიზაციას.

BBC წერს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, დაპირისპირებულმა მხარეებმა გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები ძალადობის დასრულებისა და შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის შესახებ, რადგანაც RSF-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუდანის ლიდერი გენ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი კრიმინალია, რომელიც უნდა დანებდეს,  ხოლო, არმია აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მანამ არ დასხდებიან, სანამ გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) არ დაიშლება.


ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები