მთავრობის ადმინისტრაცია

7 აპრილს კანცელარიის შემოღობვის სამუშაოები უკანონო იყო, თანხმობა 10-ში გაიცა – დონაძე

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ 7 აპრილს შემოღობვის სამუშაოები უკანონო იყო, რადგან თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა 2 დღის შემდეგ, 10 აპრილს გასცა. 

"მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები იყო უკანონო, რადგან თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა გასცა 10 აპრილს.
შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა დააჯარიმოს შემსრულებელი და დამკვეთი.
ველოდები რეაგირებას". - მიმართავს ბესიკ დონაძე თბილისის მერიას. 

7 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის წინ სამუშაოები დაიწყო - ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა. ამ მიზეზით 7 აპრილს კანცელარიის წინ დაგეგმილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან გაიმართა.   

კანცელარიის წინ დაგეგმილი აქციების პარალელურად შენობის შემოღობვით გაჩნდა განცდა, რომ მთავრობამ სამუშაოები აქციებს განზრახ დაამთხვია. საპასუხოდ, 8 აპრილს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ კანცელარიის წინ სკვერის მოწყობა იგეგმება და, მისივე სიტყვებით, მსგავსი თემებით "მანიპულაცია ხდება ხოლმე".  

ფოტო: ნეტგაზეთი

 

კომენტარები