მიხეილ სააკაშვილის საქმე

ჩალაძე: სააკაშვილის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის თქმით, ექსპრეზიდენტის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაიგზავნა. ჩალაძე ამბობს, რომ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ის დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებს.

"შემიძლია, გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. რა მოთხოვნით და როდის არის შესული, ამაზე საუბარს მოვერიდებით. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ და არ ვიტყვით, რა ფორმის არის საჩივარი, რა მოთხოვნა არის და არის თუ არა ამ საჩივარში 39-ე მუხლის შესახებ მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ ეს იცის და საქმის სამართლებრივად წარმართვისთვის ეს სრულად საკმარისია". - თქვა ჩალაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

საჩივართან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემაც.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ნამდვილად შესულია მიხეილ სააკაშვილის უკვე რიგით მე-4 საჩივარი. ეს საჩივარი ეხება სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების შელახვას, სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ შეუქცევადი, მავნე ზიანის მიყენებას და შესაბამისი მექანიზმების გამონახვას იმისთვის, რომ არ დადგეს ის ზიანი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება. 39-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ ადამიანის სიცოცხლეს შეუქცევადი საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაში, სასამართლომ საქმე დაჩქარებული წესით განიხილოს. ეს არის მთავარი, არსებითი საქმის შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი კომპონენტი". - უთხრა თუთბერიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

შოთა თუთბერიძემ თქვა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის სწრაფად განხილვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 

კომენტარები