საქართველოს პარლამენტი

რიგგარეშე სხდომა გადაიდო – დეპუტატების უცხოეთში ვიზიტის გამო ოპოზიციას ხმები არ ჰყოფნიდა

პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელზეც ოპოზიციას მოსამართლეთა კლანის დასანქცირების გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა დაეყენებინა, დღეს, 11 აპრილს არ გაიმართება. მისი გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციამ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ, 10 აპრილს მიმართა. 

მიზეზი კომისიის შესაქმნელად საკმარისი ხმების (50 ხმა) არქონაა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წევრი, ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე პოლონეთში გაემგზავრა. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის 10 აპრილს გაგზავნილ წერილზე ხელი ჰქონდათ მოწერილი, შესაბამისად, იცოდნენ მისი ჩატარების სავარაუდო დრო.  

ლელოს წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი და დეპუტატი ხათუნა სამნიძე წითლიძისა და ხაბეიშვილის ქცევას "უპასუხისმგებლობას" უწოდებენ. 

"ის, რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ამის საფუძველი შემიძლია, აღვწერო ერთი სიტყვით - უპასუხისმგებლობა. როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის, ქალბატონი წითლიძის და ბატონი ხაბეიშვილისაც. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 48 საათი, რომ სხდომა ჩანიშნოს. ანუ, მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ მათ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი. მიუხედავად ამისა, დატოვეს ქვეყანა. არ ვიცი, საგამოძიებო კომისიის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანი მგონია, რომ ვიზიტის გაუქმებაც, ჩემი აზრით, ნორმალური იქნებოდა. არიან დეპუტატები, რომლებმაც თავიანთი ვიზიტები გააუქმეს". - ამბობს დეპუტატი ხათუნა სამნიძე.  

ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურნენ ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და წევრი, ანა წითლიძე. ხაბეიშვილის სიტყვებით, პოლონეთში ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "უმნიშვნელოვანესი ჯილდო" უნდა მიიღოს და ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტში მივლინებაც აქვს დაწერილი. 

"მიუხედავად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ, მხარი დავუჭირო ამ კომისიის შექმნას. მეორე საკითხი - მე ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელსაც მასთან ერთად მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო პოლონელების მხრიდან 2-3 კვირით ადრე, ამის თაობაზე, ცხადია, პარლამენტში არანაზღაურებადი მივლინებაც მაქვს დაწერილი და ჩემს კოლეგებს მარტივად შეეძლოთ ამ ინფორმაციის მოძიება". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ანა წითლიძის შეფასებით, "ისტერიკა ცოტა გაუგებარია". მისივე სიტყვებით, ტყუილია, რომ კომისია მისი და ხაბეიშვილის ქვეყანაში არყოფნის გაო ვერ იქმნება, რადგან საქართველოში თვის ბოლომდე კიდევ 2 დეპუტატი არ იმყოფება. 

"ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარი არის ეს ისტერიკა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით მე არ ვიყავი ინფორმირებული.  

მე მოვუწოდებ, რომ უფრო უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითაოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია. დამატებით, კიდევ 2 დეპუტატი ვერ იქნება თვის ბოლომდე წარმოდგენილი პარლამენტში. შესაბამისად, სულ რომ ხვალ მე და ბატონი ხაბეიშვილი ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, მაინც ვერ შეიქმნებოდა". - ამბობს ანა წითლიძე.  

გუშინ, 10 აპრილს ლევან ხაბეიშვილმა, გიული ალასანიამ, ანა წითლიძემ და გიორგი ჩალაძემ პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას და მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები