სასამართლო კლანის სანქცირება

წულუკიანი სანქციებზე: მინდა მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო აშშ-ს გადაწყვეტილება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებას. წულუკიანმა სანქციებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის "დაუშვებელი აქტი" უწოდა.

"მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით". – თქვა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

კომენტარები