სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა 9 აპრილისა და მარტის აქციების მონაწილე ქალები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, გოგონა დროშით, ნანა მახარაძე და მარტის აქციების მონაწილე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

"ეს ჯილდო ეძღვნება ყველა იმ ქალს, 9 აპრილის ქალებს და ყველა იმ ქალს, ვინც ამ და სახვა პერიოდებში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ნანა მახარაძეს ჯილდო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულის ამაღლებისთვის გადაეცა.

"ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. დიდი მადლობა და ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში" - თქვა ნანა მახარაძემ მისთვის ღირსების ორდენის გადაცემისას. 

ამასთან, პრეზიდენტმა ნანა მალაშხია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის დააჯილდოვა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები" - თქვა ნანა მალაშხიამ ჯილდოს მიღების დროს. 

 

კომენტარები