ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი ოცნებას: კანცელარიის შემოღობვით თავს ყიდით, რომ შეშინებულები ხართ

ტაბულა

"ხელისუფლებას მივმართავ, ხალხი იყოს ქუჩაში, პროტესტის განწყობა იყოს და რა ღობემ უნდა დაგიცვათ? ვინ გივარდებათ, ან წინა აქციის დროს ვინ შემოგივარდათ? მშვიდობიანი აქცია იყო და შემდეგ ხალხი დაიშალა. ასეთი მოქმედებებით, უფრო თავს ყიდით, რომ შეშინებულები ხართ". – ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობის მიერ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას გამოეხმაურა. 

შაბათს, 20:00 საათზე, კანცელარიის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია უნდა ჩატარებულიყო.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ხელისუფლების ამ ქმედების მიუხედავად, დაგეგმილი აქცია არ ჩაიშლება და ის კანცელარიის ნაცვლად პარლამენტის წინ ჩატარდება. 

"უპრეცენდენტო რამეს ვხედავთ კანცელარიის წინ. ჩვენ გვახსოვს, 2003 წელს ცვლილებების წინ, როგორ ამოიშენეს ღობე კიბესთან შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ახლაც გვეგონა, რომ რაღაც მსგავსს აპირებდნენ. თურმე, ამათ გადააჭარბეს ყველაფერს და მთელ ტერიტორიას ღობავენ. ჩვენ ხვალ აქ უნდა გვქონოდა ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია. წინა შაბათს უკვე გვქონდა და ყოველ შაბათს ვაპირებდით, რომ აქ, მისი მხარდასაჭერი აქცია გაგვემართა შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ და არ მიგვეცა სანქცირებული სასამართლოსთვის მისი დასჯის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ მხოლოდ ადგილმდებარეობის გეგმა ჩაგვიშალა, რადგან აქ ღობეს აყენებს, ხოლო ჩვენ პარლამენტთან გადავინაცვლებთ და იმედია, იმაზე მეტი ხალხი მოვა, ვიდრე აქ უნდა მოსულიყო". – ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია 8 აპრილს, 20:00 საათზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით პარლამენტის წინ გაიმართება

აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს. 

"რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები". – წერენ აქციის ორგანიზატორები. 

 ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

STEPHANE
აჩიკო გულედანი
ჯგუფი "დაგდაგანი"
ჯგუფი "წერილი"
LOUDSPEAKERS
შაბათ-კვირა

კომენტარები