ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს რა გზაზე დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ამბავი. მესმოდა აქ იმედები, რომ მოსამართლეების თავისუფლება გაიზრდება. ძალიან გამიხარდება ეს თუ მოხდება, ოღონდ ამაზე გათვლა არ შეიძლება. ჩვენი, მოქალაქეების მოვალეობაა ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლა.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამის მიღწევა გვჭირდება. აღარ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ რეჟიმს, რომ პროდასავლური საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანოს. ახლა ხომ წაიკითხეთ, თალაკვაძეს ერთი გზავნილი ჰქონდა, სამხარაძეს მეორე. ამდენი წლის განმავლობაში ისინი მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებდნენ, რომ თან ანტიდასავლურ, ანტიქართულ საქმეს აკეთებდნენ, ალტინფოების და პუტინისტების გაძლიერებით, მაგრამ ხალხის ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ ამას მშვიდობისთვის ვაკეთებთ, თორემ რეალურად დასავლეთისკენ მივდივართო. ისინი კვლავ შეეცდებიან ამ ხავსის გადმოგდებას და არ უნდა მოვატყუებინოთ თავი და მოქალაქეები.
სწორად აღნიშნეთ, ასეთ რეჟიმებს ჩვეულებრივი უმრავლესობით ვერ მოუგებ, იმიტომ რომ იპარავს, როგორც 2020 წელს იყო. ასეთ რეჟიმებს შეგიძლია მოუგო ისე, როგორც ქართველმა ხალხმა მოუგო შევარდნაძის რეჟიმს 2003 წელს და თუ მერე მოიპარავს, ამხელა უპირატესობის შემდეგ, ამას მოჰყვება საზოგადოების ლეგიტიმური ნაბიჯები.
მაგრამ სანამ არაა კონსენსუსი ან ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ან ვადიან არჩევნებზე, მანამდე თავის დამშვიდება იმით, რომ კიდევ მეტი სანქციები იქნება, ჩვენგან უპასუხისმგებლობაა.





