რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთის არმიაში ვხედავთ დაბალ საბრძოლო სულისკვეთებასა და ცუდ აღჭურვილობას

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მტკიცებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაბალი ხარისხის ტექნიკას იყენებენ, ხოლო სარდლობა ოპერაციას ეფექტურად ვერ ასრულებს. მისივე თქმით, ის, რაც რუსულ მხარეს ხარისხის თვალსაზრისით აკლია, ცდილობენ, რაოდენობით აინაზღაურონ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთის არმიის რიგებში ჩვენ ვხედავთ დაბალ საბრძოლო სულისკვეთებას, ასევე აღჭურვილობას, რომელიც ხშირად დაბალხარისხიანია და წვრთნებს, რომელიც არც თუ ისე შთამბეჭდავია. სარდლობა ბევრ ოპერაციას კარგად ვერ ასრულებს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რაც ხარისხობრივად რუსეთის ჯარებს აკლიათ, ცდილობენ რაოდენობით აინაზღაურონ". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის სარდლობა ბრძოლაში ათასობით ცუდად აღჭურვილ და გაწვრთნილ ჯარისკაცს აგზავნის.

"თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ უკრაინულ მხარეს". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგის მტკიცებით, რუსული მხარე გაცილებით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინული, რადგან მათ ხარისხიანი სარდლობა და აღჭურვილობა არ გააჩნიათ. თუმცა, მისივე განმარტებით, რუსეთის შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შეფასდეს იმის გათვალისწინებით, რომ მან ათიათასობით ახალი ჯარისკაცის ბრძოლის ველზე განთავსების მზადყოფნა გამოავლინა.

"ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩემთვის, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, დავეხმაროთ უკრაინას თავისი მიწის გათავისუფლებასა და რუსი დამპყრობლების მოგერიებაში". - დასძინა სტოლტენბერგმა.

კომენტარები