თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

საპროტესტო აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში – კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პაპავა მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ადასტურებს. 

როგორც პაპავა ამტკიცებს, თანამდებობა არა ზეწოლის გამო, არამედ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

"პირადი განცხადების საფუძველზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან"- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ კლინიკური დირექტორი იძულებული გახადეს თანამდებობა დაეტოვებინა, ამასთან, სამსახურში არ ცხადდება არც გენერალური დირექტორი, რის გამოც კლინიკური პროცესი შეჩერებულია. მედპერსონალის თქმით, ადგილზე არც ჰოლდინგის ხელმძღვანელობა მისულა. 

"ვითხოვთ სასწრაფოდ მოხდეს სამინისტროს  მხრიდან მოვალეობის შემსრულებელი პირის დანიშვნა, პირველ რიგში, კლინიკაში. მიიღონ გადაწყვეტილება ან ჰოლდინგის ხელმძღვანელობის შეცვლასთან ან ჩვენი კლინიკის დამოუკიდებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით". - ამბობს ინტენსიური თერაპიის  განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი გულუა. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს

27 მარტს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არცერთ ექიმს, ექთანსა და სანიტარს დასაქმების კუთხით პრობლემა არ შეექმნება და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა მომავალ კვირას შედგება. მანამდე ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა - მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კომენტარები